ჰამასმა მძევლების გათავისუფლება დაიწყო
ჰამასმა მძევლების გათავისუფლება დაიწყო - ისრაელის მხარე „ჰამასის“ მიერ შვიდი მძევლის გადაცემას ადასტურებს.
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკვე (ICRC) გადაეცა.
ისრაელის თავდაცვის არმიამ ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ „წითელი ჯვრისგან“ მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ღაზიდან წამოიყვანეს შვიდი გათავისუფლებული მძევალი. მათ ღაზის სექტორიდან ჩაიყვანენ ისრაელის რეიმის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სადაც პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ოჯახის წევრებს შეხვდებიან. მოგვიანებით, ყოფილ მძევლებს რეაბილიტაციისთვის გადაიყვანენ თელ-ავივთან მდებარე სამედიცინო ცენტრში.
გათავისუფლებულ მძევლებს შორის არიან: გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.
ჰამასის მიერ კიდევ 13 მძევლის გათავისუფლება დილის ათი საათიდან იგეგმება. მათ „წითელ ჯვარს“ სავარაუდოდ, გადასცემენ ღაზის სექტორის სამხრეთში.
„მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენა და ახალი გზის დასაწყისია. ვიცი, რომ ჩვენ შორის ბევრი კამათია.... მაგრამ, ამ დღეს, და იმედი მაქვს, რომ იმ პერიოდშიც, რომელიც თითქმის მოგვიახლოვდა, ყველა მიზეზი გვაქვს, რომ ის გვერდზე გადავდოთ, რადგან ერთობლივი ძალით მივაღწიეთ სანახაობრივ გამარჯვებებს, გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.