სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია - 738-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მძევლები ისრაელში დაბრუნდნენ
738-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მძევლები ისრაელში დაბრუნდნენ. გაცვლა ორ ეტაპად დაიწყო - დილიდან ჰამასის დაჯგუფებამ 7 ტყვე წითელ ჯვარს გადასცა, ღაზას სექტორიდან მძევლები სწორედ მათ გამოიყვანეს. რამდენიმე საათში გათავისუფლდა კიდევ 13 მძევალი. ჰამასის ტყვეობიდან ისინი ისრაელში, რეიმის საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 2 წლის შემდეგ საკუთარ ოჯახებს შეხვდნენ.
სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია - ომი დასრულდა, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის შემდეგ, ისრაელის ჯარმა ღაზას სექტორის ყვითელ ზონაში უნდა გადაინაცვლოს. პირველი ფაზა დასრულებულია - თავისუფალია ცოცხლად გადარჩენილი 20 მძევალი, თელავივში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე შეკრებილი ათი ათასობით ადამიანი ელოდებოდა, რომ ტყვეები ოჯახებს დაბრუნებოდნენ.
ისრაელში ჯერ კიდევ ელოდებიან ცხედრების გადმოსვენებას. ღაზაში 28 მძევლის ცხედარი რჩება. დღეს ჰამასი მხოლოდ 4 ცხედარს დააბრუნებს. სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შედგა ტრამპის პირველი ვიზიტი ისრაელში - ამერიკის პრეზიდენტს ქნესეთში დიდი ოვაციებით და მადლობების სერიით დახვდნენ.
ამერიკის პრეზიდენტი ისრაელში სახელმწიფო მდივანთან ერთად ჩავიდა, ტრამპს სიტყვა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს და პალესტინის აღიარება მოსთხოვეს. სხდომიდან პროტესტის მოთავეები მალევე გააძევეს. ტრამპი ამაყობს, რომ ომი დაასრულა.
მძევლების დაბრუნების შემდეგ ისრაელმა 1 968 პალესტინელი პატიმარი და დაკავებული გაათავისუფლა. პალესტინელთა გათავისუფლება ისრაელის ციხეებიდან ორ ჯგუფად მოხდა. ერთი ნაწილი ოფერის ციხიდან დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანეს, მეორე კი – კეციოტის ციხიდან ღაზასა და ისრაელს შორის მდებარე კერემ შალომის გადასასვლელ პუნქტთან.