ტრამპი ზელენსკის შეხვდება - რა საკითხს განიხილავენ
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტი ადასტურებს. მისი თქმით, შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება.
კერძოდ, თვითმფრინავ Air Force One-ზე პრესასთან საუბრისას ტრამპს ჰკითხეს, მიიღებდა თუ არა ის ზელენსკის თეთრ სახლში ამ პარასკევს, რაზეც მან დადებითად უპასუხა.
„მე ვფიქრობ, კი. დიახ,“ – თქვა ტრამპმა.
ამასთან, გამოცემა Axios, ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის დროს ლიდერები განიხილავენ, რა ტიპის იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას - კერძოდ, „ტომაჰავკის“ შორი მანძილის რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობას.
„არის გარკვეული საკითხები, რომელთა განხილვაც ტელეფონით შეუძლებელია,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა გამოცემასთან, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგება.