პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვარზე კვლავ მძაფრი შეტაკებებია - დაიღუპა ათობით სამხედრო
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, კვლავ დაიწყო ინტენსიური ბრძოლები ორ ქვეყანას შორის - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
პაკისტანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ავღანეთის ჯარებმა „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს, რასაც პაკისტანელებმა საპასუხო სროლით უპასუხეს. შეტაკებები გაგრძელდა ხოსტის პროვინციის მახლობლად.
ტაჰირ აჰრარმა, ავღანეთის პოლიციის პრესსპიკერის მოადგილემ, ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალებზე საუბარი თავიდან აიცილა.
შეტაკებები პირველად შაბათს დაიწყო და დროებით კვირას შეწყდა, როცა საუდის არაბეთმა და კატარმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი კვლავ დახურულია.
„თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
პაკისტანის მხარე კი აცხადებს, რომ საზღვარზე განხორციელებული საპასუხო ცეცხლისას 23 სამხედრო დაკარგა, თუმცა 200-ზე მეტი მებრძოლი გაანეიტრალეს.