ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - შეზღუდვები შეეხო "როსნეფტს" და "ლუკოილს"

15.10.25 21:59
ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - შეზღუდვები შეეხო "როსნეფტს" და "ლუკოილს"

გაერთიანებულმა სამეფომ ნავთობკომპანიებსა და გლობალურ ბიზნესს "პუტინის ომის მხარდაჭერის გამო" სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ "როსნეფტი" და "ლუკოილი". 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციები მიზნად ისახავს, რომ პუტინს ომის დაფინანსების წყაროები გადაუკეტოს. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში, 90 ახალი სანქცია დააწესა.

საგარეო აღნიშნავს, რომ "როსნეფტს" და "ლუკოილს" ერთად დღეში 3.1 მილიონ ბარელი ნავთობი გააქვთ ექსპორტზე. მხოლოდ "როსნეფტი" კი გლობალური ნავთობის წარმოების 6%-ს და რუსეთის ნავთობის წარმოების თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

ნავთობკომპანიებთან ერთად ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 44 ტანკერი და "ნაიარა ენერჯი ლიმითედიც" დაასანქცირა. 

დღევანდელი ქმედება აჩვენებს მთავრობის გადაწყვეტილებას, გადაუკეტოს პუტინს შემოსავლების წყაროები - სამიზნე რუსული კომპანიები და მათი გლობალური ხელშემწყობი მექანიზმებია. სანქციების ამ ბოლო ტალღამ ჩინეთში ოთხი ნავთობტერმინალი, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისას შემავალი "ჩრდილოვანი ფლოტის" 44 ტანკერი და "ნაიარა ენერჯი ლიმითედი", რომელმაც მხოლოდ 2024 წელს 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 100 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი შემოიტანა, დაზარალდა," - წერია განცხადებაში. 

ბრიტანეთის განცხადებით, ახალი სანქციები, რომლებიც დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა გამოაცხადა, კანცლერი რეიჩელ რივზის ვაშინგტონში ჩასვლისთანავე დადგა. რეიჩელ რივზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც ის შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს და დაესწრება უკრაინის მრგვალ მაგიდას, რათა გლობალური პარტნიორები გააერთიანოს რუსეთის რეჟიმისთვის შემოსავლების შესამცირებლად.