როგორ აფასებს ზელენსკი ტრამპთან შეხვედრას
გრძელი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპელ პარტინორებთან სატელეფონო საუბარი გამართა, ამის შემდეგ ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც მადლობა გადაუხადა ტრამპს და „ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს“.
შეკითხვაზე, კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ვენდობით შეერთებულ შტატებს. ჩვენ ვენდობით პრეზიდენტს, რომ მას სურს ამ ომის დასრულება“.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების საკითხი, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ ამაზე აღარ ისაუბრებენ.
"მადლობელი ვართ პრეზიდენტისა და მისი გუნდის ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენ გრძელი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. საკითხების ფართო სპექტრი მიმოვიხილეთ. ვილაპარაკეთ საჰაერო თავდაცვაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მომენტშიც უკრაინას დრონებით თავს ესხმიან, რასაც ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშავებთ მეტს წარმოების საკითხში... ეს პოზიტიური სიგნალია.
ასევე ვისაუბრეთ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესახებ. მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, რადგანაც აშშ-ს ესკალაცია არ სურს. ასე რომ ამაზე მეტს ვერ გიპასუხებთ.
პრეზიდენტმა გამიზიარა პუტინთან მისი დიალოგის დეტალები. რუსეთისგან მომავალი არცერთი სიგნალი ახალი არ არის. მაგრამ ვეყრდნობით პრეზიდენტ ტრამპს, განახორციელოს ზეწოლა პუტინზე ომის დასრულების საკითხში.
ჩვენ ვენდობით აშშ-სა და პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას ომის დასრულება სურს. ეს რთული საკითხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ჩვენს მიწას, ხალხს, სუვერენიტეტს ეხება. ახლო აღმოსავლეთის მსგავსად ვიმედოვნებ, ის ამ ომსაც დაასრულებს.
ასევე ვესაუბრე ჩვენს სტრატრგიულ პარტნიორებს. კერძოდ, "ნებისყოფის კოალიციის" წევრებს... მათ იცოდნენ, რომ ტრამპთან დიალოგის ერთ-ერთი საკითხი უსაფრთხობის გარანტიები იყო. ჩვენ ამ საკითხში აშშ-ის ლიდერობას ვეყრდნობით. ასევე ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.