რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყა - დაშავდა 10 ადამიანი, დაიწვა მრავალსართულიანი კორპუსები
რუსულმა ძალებმა ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეგრამზე ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ გაივანენკომ დაწერა.
მისი თქმით, თავდასხმა მოხდა შახტიორსკის თემში, სინელნიკოვოს რაიონში - დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ერთი ქალი კი მძიმე მდგომარეობაშია. ცნობილია, რომ სამ მრავალსართულიან კორპუსში ბინები დაიწვა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა რვა ბინაში - საერთო ფართობზე 350 კვადრატულ მეტრზე. აგრეთვე დაიწვა მსუბუქი ავტომობილები. მაშველებმა დაახლოებით 50 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რუსეთის ძალებმა რეგიონში სხვა თემებსაც დაარტყეს: მეჟოვში დაიწვა საცხოვრებელი სახლი, ნიკოლაევში კი დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
გაივანენკოს თქმით, ნიკოპოლის რაიონი და პოკროვსკის თემი ასევე გახდა დრონებისა და არტილერიის იერიშის სამიზნე - პოკროვსკში ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავს. მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რეგიონში 4 მტრული დრონი გაანადგურა.