"არ მინდა, შეხვედრა უსარგებლო იყოს" - ტრამპი პუტინთან სამიტზე

22.10.25 10:18
"არ მინდა, შეხვედრა უსარგებლო იყოს" - ტრამპი პუტინთან სამიტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უსარგებლო შეხვედრა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან, თეთრ სახლში გააკეთა.

„არ მინდა უაზრო შეხვედრა. არ მინდა დროის ფლანგვა, ასე რომ ვნახოთ, რა მოხდება,“ - აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მის მმართველობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, გარდა ამ ერთისა. ასევე მან კვლავ გაიმეორა თავისი შეფასება, რომ უკრაინის ომში ორივე მხარე კვირაში დაახლოებით 5 000–7 000 ჯარისკაცი ჰკარგავს.

„ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“ - დაამატა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, რომელმაც მას განუცხადა, რომ ინდოეთი არ აპირებს დიდი რაოდენობით ნავთობის შეძენას რუსეთისგან.

„ის ისევე ძლიერად სურს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება, როგორც მე. ისინი აღარ იყიდიან იმდენ ნავთობს. უკვე შეამცირეს და აგრძელებენ შემცირებას,“ - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.