ტრამპი და სი ძინ პინი 30 ოქტომბერს ბუსანში შეხვდებიან

24.10.25 10:46
ტრამპი და სი ძინ პინი 30 ოქტომბერს ბუსანში შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში გაიმართებული აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის (APEC) ფარგლებში შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინ პინს, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლინ ლევიტმა.

ლევიტის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრას გამართავს აზიის სამი ქვეყნის ტურნეს დასრულების შემდეგ, თუმცა მან შეხვედრის შინაარსზე დეტალები არ გაამჟღავნა.

რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა უკვე დააანონსა, რომ APEC-ის სამიტზე სი ძინ პინს შეხვდებოდა, თუმცა ზუსტი თარიღი მაშინ ცნობილი არ იყო. შეხვედრა ადგილობრივი დროით ხუთშაბათ დილით, ქალაქ ბუსანში გაიმართება.

გუშინ ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ ორი ლიდერი მიაღწევენ შეთანხმებებს სხვადასხვა საკითხზე-— სავაჭრო ურთიერთობებიდან ბირთვულ ენერგიამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილება ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შეძენის საკითხიც.

ბოლო კვირებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაძაბულობა გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა ჩინური ექსპორტის მიმართ 100%-იანი ტარიფები, რომლებიც ძალაში შევა შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ. ტრამპის გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იშვიათი ლითონებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესებას, რაც ეხება როგორც ელექტრონიკას, ასევე სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.

ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები იქნება „ყველა მოქმედ ტარიფზე დამატებით“. სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ტრამპის თქმით, სი ძინ პინიც ახლა „ისურვებდა ამ ომის დასრულებას“.

ეს იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა ტრამპსა და სი ძინ პინს შორის 2019 წლის შემდეგ, როდესაც ისინი შეხვდნენ იაპონიაში, G20-ის სამიტზე.

ლევიტმა დაამატა, რომ ტრამპი ამ მოგზაურობის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ასევე მალაიზიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან.

მსგავსი სიახლეები