ტრამპი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება - ისრაელს საპასუხო დარტყმის უფლება აქვს

29.10.25 10:15
ტრამპი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება - ისრაელს საპასუხო დარტყმის უფლება აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს.

მისი თქმით, ისრაელის დარტყმა პასუხი იყო „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობაზე და ისრაელს ამის უფლება ჰქონდა. 

„როგორც გავიგე, მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ასე რომ, ისრაელელებმა საპასუხო დარტყმა განახორციელეს და უნდა განახორციელონ საპასუხო დარტყმა. როდესაც ეს მოხდება, მათ უნდა განახორციელონ საპასუხო დარტყმა. ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება. „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ძალიან მცირე ნაწილია და ვალდებულნი არიან, კარგად მოიქცნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურალისტებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

მსგავსი სიახლეები