რუსეთი ამტკიცებს, რომ 100-მდე დრონის შეტევა მოიგერია, მათ შორის მოსკოვის თავზეც

29.10.25 10:15
რუსეთი ამტკიცებს, რომ 100-მდე დრონის შეტევა მოიგერია, მათ შორის მოსკოვის თავზეც

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 100 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსკოვის რეგიონში 6 დრონი ჩამოაგდეს, საიდანაც 4 დედაქალაქისკენ მიფრინავდა. შეტევის შედეგად, რამდენიმე აეროპორტში ოპერაციები დროებით შეიზღუდა. როგორც „როსავიაციის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთმა შეზღუდა დაშვება და გაფრენა მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში, თუმცა მოგვიანებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკოეს სოფელში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ენსი-ოილზე“ თავდასხმა განხორციელდა. „ტელეგრამ“ არხი SHOT იუწყება, რომ ადგილობრივებმა ღამით 5-8 აფეთქების ხმა გაიგეს.

აფეთქებების ხმა ისმოდა მარი ელის რესპუბლიკაშიც, სადაც რუსული არხების ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია სტავროპოლის მხარეში მდებარე ქიმიურ საწარმოზე – შპს „სტავროლენზე“ შესაძლო თავდასხმის შესახებ. კომპანია ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად ითვლება პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ბენზოლისა და სხვა ნავთობქიმიური პროდუქტების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები