უკრაინულმა დრონებმა ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები და ნავთობბაზები დაბომბა

29.10.25 14:31
უკრაინულმა დრონებმა ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები და ნავთობბაზები დაბომბა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა ანექსირებულ ყირიმში დრონების მეშვეობით წარმატებული შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ნავთობის საცავებზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Українська правда“და ტელეარხი „Freedom“ ავრცელებენ.


მათივე ცნობით, განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირი-С2“, რომლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია, ასევე ორი რადიოლოკაციური სადგური.

დარტყმები განხორციელდა სიმფეროპოლის რაიონში მდებარე გვარდეისკოესა და „კომსომოლსკაიას“ ნავთობის ბაზებზე, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დილით ტელეგრამზე მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დრონების შეტევის შედეგად საწვავის კონტეინერი დაიწვა, თუმცა დაზიანებული ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობა არ დააკონკრეტა.

უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ცეცხლი შესაძლოა სიმფეროპოლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზეც გავრცელდა.

რუსეთის მხარეს ამ დარტყმებზე ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.