აფეთქებები რუსეთში - ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშები განხორციელდა

31.10.25 10:21
აფეთქებები რუსეთში - ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშები განხორციელდა

გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი აფეთქებები იყო. Telegram-არხების ცნობით, დრონებმა დაარტყეს ენერგოობიექტებს.

არხი „ასტრა“ იუწყება, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს ორლის თბოელექტროსადგური. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს თავდასხმის მომენტი. გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა თავდასხმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა დაზიანებების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა - დრონის ნამსხვრევები სადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და დააზიანა ელექტრომოწყობილობა. დაშავებულები არ არიან, ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ორლში ხანძარი გაჩნდა და ქალაქი დროებით დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

აფეთქებები დაფიქსირდა აგრეთვე იაროსლავლში, სადაც შეტევა მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ახლოს. თავდასხმის გამო დროებით დაიხურა იაროსლავლის აეროპორტი.

გარდა ამისა, ვლადიმირში დრონებმა დაარტყეს დიდ ენერგოობიექტს - „ვლადიმირსკაიას“ ელექტროქვესადგურს, რომელიც რეგიონის ენერგოსისტემის ერთ-ერთი მთავარი კვანძია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ჩამოაგდეს 130 უკრაინული დრონი, მათ შორის ცხრა - ორლის, ექვსი - იაროსლავლის რეგიონში.