ბელგიაში, სამხედრო ბაზის თავზე, სადაც ბირთვული იარაღი ინახება, დრონები შენიშნეს
ბელგიის პროვინცია ლიმბურგში, კლაინის-ბროჰელის სამხედრო ავიაბაზის თავზე ღამით დაფიქსირდა რამდენიმე დრონი, სადაც ამჟამად ინახება აშშ-ის ბირთვული იარაღი. როგორც ბელგიური გამოცემა HLN წერს, 2027 წლიდან ეს ბაზა გახდება F-35 გამანადგურებლების მთავარი ცენტრი.
დრონი შენიშნა ბაზის თანამშრომელმა, თუმცა პოლიციის მისვლამდე ის უკვე გამქრალი იყო. შემთხვევა დაფიქსირდა და ანგარიში გადაეცა ბელგიის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვას.
ქალაქ პირის მერმა სტივენ მატეიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება განიხილავს ბაზის უსაფრთხოების გამკაცრებას, რადგან მსგავსი ინციდენტები შეიძლება განმეორდეს.
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ინფორმაცია და თქვა, რომ „დრონები დაფიქსირდა სპეციალური აღმოსაჩენი სისტემით და მათი ვიდეოკადრებიც არსებობს“.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში გაიმართება შეხვედრა პოლიციასთან დრონების იდენტიფიცირებისა და საფრთხის ანალიზის მიზნით.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება 50 მილიონი ევროს ინვესტიცია დრონების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შესაქმნელად, რადგან სამხედრო ობიექტებზე ფრენა კატეგორიულად აკრძალულია.