დრონით თავდასხმის შედეგა ტუაფსეს პორტში რუსულ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტში, დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, დრონის ნამსხვრევები დაეცა ნავთობტანკერზე, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. ეკიპაჟის წევრები ევაკუირებულნი არიან და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
კრასნოდარის ადმინისტრაციამ ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურის ნაწილი, მათ შორის რკინიგზის სადგური და ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა.
რუსული მხარე არ აზუსტებს, ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა ინციდენტი კიდევ ერთ ეპიზოდად განიხილება ბოლო პერიოდში დრონების მიერ რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების სერიაში.