მედია: დრონების თავდასხმის შედეგად, რუსეთის ქალაქ კსტოვოში მდებარე ორ ნავთობსაწარმოში ხანძარი გაჩნდა

04.11.25 10:23
მედია: დრონების თავდასხმის შედეგად, რუსეთის ქალაქ კსტოვოში მდებარე ორ ნავთობსაწარმოში ხანძარი გაჩნდა

რუსული საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, კსტოვოში, "ლუკოილის" ნავთობსაწყობთან და ნავთობქიმიურ ქარხანასთან ახლოს, ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა.

რუსული Telegram არხების ცნობით, 4 ნოემბრის ღამეს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, კსტოვოს მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ განაცხადეს.

Telegram არხი "ასტრა" წერს, რომ  ხანძარი ინდუსტრიული ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა, სადაც ორი ნავთობკომპანიაა განთავსებული - "სიბურ-კსტოვო" და "ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი", ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.

"სიბურ-კსტოვოს" ნავთობქიმიური ქარხანა ეთილენს, პროპილენს, ბენზოლს და ნახშირწყალბადების რიგ ფრაქციებს აწარმოებს. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ის ასაფეთქებელ კომპონენტებსაც აწარმოებს.

მედიის ცნობით, "ლუკოილი-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი" რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ის მნიშვნელოვანია მოსკოვის რეგიონის მომარაგებისთვის, რომელიც ქვეყნის ბენზინის მოხმარების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ბენზინი მოსკოვს მილსადენით მიეწოდებოდა. ქარხნის დადგმული პირველადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონაა. კომპანია 50-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის საავტომობილო, საავიაციო და დიზელის საწვავს, ასევე ნაფთენურ ბიტუმებს, პარაფინებს და სხვა მსგავს პროდუქტებს.

მსგავსი სიახლეები