სლოვაკეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა - დაშავებულია ათობით ადამიანი
სლოვაკეთში, ბრატისლავასა და პეჟინოკს შორის, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი - Tatran 620 და Rex 1814 შეეჯახა. შემთხვევა 9 ნოემბერს, საღამოს 19:30 საათზე მოხდა, წერს Aktuality.sk.
შინაგან საქმეთა მინისტრის შუტაი ეშტოკის ინფორმაციით, მატარებლებში დაახლოებით 800 მგზავრი იმყოფებოდა, უმეტესად სტუდენტები. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათგან 11 საავადმყოფოშია, ორ მათგანს ოპერაცია უტარდება.
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია. მემანქანეები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ტესტზე შემოწმდნენ.
ეს უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა სლოვაკეთში ერთი თვის განმავლობაში.