ევროკომისია რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ ზომების ახალ პაკეტს წარადგენს - რა არის ცნობილი
ევროკომისია ამ კვირაში წარმოადგენს ახალ პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ევროპაში წარმოებულ „ზეგავლენის ომთან“ ბრძოლას, - იუწყება NTV.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ცდილობს დემოკრატიულ სისტემებში ნდობის შერყევას, ავრცელებს დეზინფორმაციას და ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს, რაც ევროპულ საზოგადოებებში განხეთქილებისა და სკეპტიციზმის გაღრმავებას ემსახურება.
ინიციატივა, სახელწოდებით „დემოკრატიის დამცავი ფარი“ (Protective Shield of Democracy), მოიცავს მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი რედაქციები რესურსების ნაკლებობის გამო იხურება. ამასთან, ევროკომისია გეგმავს მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას და მედიასექტორში შერწყმების კონტროლის გამკაცრებას.
დოკუმენტში ასევე განხილულია ევროპულ დონეზე კოორდინაციის ცენტრის შექმნა, რომელიც უცხოეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს გააერთიანებს.
ევროკომისიის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის პარალელურად, რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს და ცდილობს გავლენის გაფართოებას ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში.