ზახაროვა სომხეთის ბრალდებებს პასუხობს: ჰიბრიდულ ომს არა რუსეთი, არამედ „კოლექტიური დასავლეთი“ აწარმოებს საქართველოში

11.11.25 16:25
ზახაროვა სომხეთის ბრალდებებს პასუხობს: ჰიბრიდულ ომს არა რუსეთი, არამედ „კოლექტიური დასავლეთი“ აწარმოებს საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთის ბრალდებებს, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მედიასთან უპასუხა.

მიტი მტკიცებით, მსგავსი მეთოდები რუსეთისთვის „უცხოა“, ხოლო ჰიბრიდული ომი სინამდვილეში „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ „სომხეთის მეზობელ საქართველოში“ მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ „ჰიბრიდული ომის“ კონცეპტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი „ჰიბრიდული სილამაზით“: უხეშად ჩაერივნენ შიდაპოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ „მაიდანისეულ“ განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით, ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით.

ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები „ჰიბრიდულ ომზე“ სომხეთის წინააღმდეგ ისმის იმ ფონზე, როცა [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით,“ – განაცხადა ზახაროვამ.