POLITICO: უკრაინა ევროკავშირის სამიტს უმასპინძლებს, რათა EU-ს წევრობისკენ სწრაფვა განბლოკოს
უკრაინა ევროკავშირის სამიტს უმასპინძლებს, რათა EU-ს წევრობისკენ სწრაფვა განბლოკოს - ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ არაფორმალური სამიტი უკრაინაში 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.
წერილში ხაზგასმულია, რომ შეხვედრა იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
ჩვენი განხილვების მთავარი აქცენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე იქნება. შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ მიღწეული შედეგები, გავუზიაროთ მოსაზრებები შემდეგ ნაბიჯებზე და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის რეფორმებისა და ინტეგრაციის მცდელობების მიმართ. უკრაინაში შეკრებით, ჩვენ დავაფიქსირებთ მკაფიო და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ - ნათქვამია მოსაწვევ წერილში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დანიამ და უკრაინის ვიცე პრემიერმინისტრმა, ტარას კაჩკამ მინისტრებს გაუგზავნეს.
- კიევმა 2022 წელს მიიღო ბლოკის პოტენციური წევრის კანდიდატის სტატუსი და განახორციელა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. თუმცა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას, რაც მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას და აფერხებს მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნას.
ორმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სურთ უზრუნველყონ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების შემდეგი რაუნდი ოფიციალური დამტკიცების მოლოდინის გარეშე დაიწყონ. POLITICO-ს განმარტებით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს სწრაფად იმოქმედოს, თუ უნგრეთის პროტესტთან დაკავშირებული ჩიხი მოგვარდება.