ბრიტანეთი ლტოლვილებისთვის მუდმივ ბინადრობაზე წვდომას ამკაცრებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ლტოლვილთა სისტემის მასშტაბურ რეფორმას აანონსებს და აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსი დროებითი გახდება, ხოლო ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება 5 წლის ნაცვლად 20 წელს მოითხოვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ლტოლვილთა სტატუსი ყოველ 30 თვეში ერთხელ გადაიხედება, და თუ მათი სამშობლო უსაფრთხოდ ჩაითვლება, დაცვა გაუქმდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალ მოდელს დანიის მკაცრ პოლიტიკას უახლოებს და მიზნად არალეგალური მიგრაციის შემცირებას ისახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე გეგმავს, რომ ზოგიერთ კატეგორიას აღარ ექნება კანონიერი უფლება იღებდეს სახელმწიფო მხარდაჭერას - საცხოვრებელსა და ყოველკვირეულ დახმარებას. უწყების ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვინც ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალურ წვლილს შეიტანს.
მინისტრის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ცვლილებები შეეხება იმ პირებსაც, ვინც მუშაობის უნარი აქვს, მაგრამ არ სურს, და მათაც, ვინც კანონს არღვევს. მისი თქმით, ორშაბათს რეფორმის დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება.