სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა - დაკავებულია 13 ადამიანი
სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მაღალტოქსიკური ქიმიური ალუმინის ფოსფიდით მოწამვლის გამო, ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წინასწარი დასკვნებით, მოწამვლის მიზეზი პარაზიტების კონტროლისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერება გახდა, რომელიც შეიცავს ალუმინის ფოსფიდს.
- ალუმინის ფოსფიდი ფართოდ გამოიყენება ტარაკნებისა და ბაღლინჯოების საწინააღმდეგოდ, მაღალტოქსიკურია და ანტიდოტი არ გააჩნია.
ოჯახი თურქეთში დასასვენებლად ჩავიდა. 6 და 3 წლის ბავშვები 13 ნოემბერს დაიღუპნენ. დედა 14 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო მამა 17 ნოემბერს ტაქსიმის სასწავლო-კვლევით საავადმყოფოში, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.
მომხდარზე 13 პირია დაკავებული, მათ შორის სასტუმროს პერსონალი და პარაზიტების კონტროლის კომპანიის თანამშრომლები.