ვალტონენი: სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მშვიდობის საფუძველი

22.11.25 17:03
ვალტონენი: სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მშვიდობის საფუძველი

სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის, როგორც უკანონო აგრესიული ომის ინიციატორის, ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მდგრადი მშვიდობის საფუძველი - ასე ეხმაურება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დონალდ ტრამპის "სამშვიდობო გეგმას". 

როგორც ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა პუტინმა ეს ომი დაასრულოს.

  • ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივეტ კუპერთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან და პოლიტიკურ დირექტორებთან გერმანიიდან და იტალიიდან.

„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ საბოლოოდ გადაწყვიტონ, თუ რომელ პირობებს მიიჩნევენ სამართლიანად. სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის, როგორც უკანონო აგრესიული ომის ინიციატორის, ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მდგრადი მშვიდობის საფუძველი.

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას, რათა მან დაასრულოს ომი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და დაიწყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოლაპარაკება“, - წერს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

  • გეგმის ძირითადი პუნქტებია:
  • • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
  • • ნატო აღარ გაფართოვდება;
  • • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
  • • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
  • • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
  • • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
  • • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.