CNN: აშშ და უკრაინა ტრამპის მიერ განსაზღვრულ ვადამდე მოლაპარაკებებს გამართავენ – დეტალები
აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის მაღალი რანგის ოფიციალური პირები კვირას ჟენევაში შეიკრიბებიან, რათა უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით მომდევნო ნაბიჯები განიხილონ. ამის შესახებ CNN წერს.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპმა კიევს მის 28-პუნქტიან გეგმაზე ულტიმატუმი წაუყენა - დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან დათმობებს რუსეთის მიმართ, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე, უკრაინული არმიის რიცხოვნობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნატოში შესვლისგან უარის თქმას.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც G20-ის სამიტის კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს, მხარს უჭერენ დიპლომატიური მუშაობის გააქტიურებას, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ გეგმა დამუშავებას საჭიროებს.
„საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვა ქვეყანას მომავალ თავდასხმებზე მოწყვლადს ხდის“, - განაცხადეს მათ.
მოლაპარაკებებს შეუერთდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც შეხვდებიან თავიანთ უკრაინელ და ამერიკელ კოლეგებს.
პროცესს უერთდება კანადაც: პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი კვირას ზელენსკისთან გეგმას განიხილავს, ხოლო აშშ დამატებით გამართავს ცალკე მოლაპარაკებებს რუსეთთან ტრამპის წინადადების შესახებ.