ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების დეტალებს ამხელს
უკრაინა „კრიტიკულ მომენტშია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში, ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პუტინს სურს, რომ მოიპაროს ის, რაც მოიპარა, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რათა დავადგინოთ ნაბიჯები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების დასამყარებლად. მედიაში დიდი ხმაური და დიდი პოლიტიკური ზეწოლაა. პუტინს სურს, რომ მოიპაროს ის, რაც მოიპარა, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს. და ეს ძალიან საშიშია“, - თქვა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინამ შეერთებულ შტატებთან ერთად არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი პატიმრის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, მუშაობას, რათა ვეძებოთ კომპრომისები, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს. და ჩვენ გავაგრძელებთ იმის ახსნას, თუ რამდენად საშიშია იმის პრეტენზია, რომ აგრესიის იგნორირება შესაძლებელია, თითქოს ყველაფერი თავისით „დამარცხებულია“,“ - დასძინა ზელენსკიმ.