გადაუჭრელი საკითხების წრე მცირდება - რა ეტაპზეა სამშვიდობო გეგმა
დონალდ ტრამპის პირველი დიპლომატი არ მალავს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დათქმულ დრომდე შეუძლებელი იქნება. ეს განცხადება რუბიომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. თქვა, რომ შეხვედრა მოსალოდნელზე წარმატებული აღმოჩნდა თუმცა, შეთანხმების მისაღწევად მეტი დროა საჭირო. შეერთებულმა შტატებმა, პრაქტიკულად, დადგენილი ვადა შეარბილა და განაახლა დოკუმენტი, რომლის თავდაპირველმა ვერსიამაც მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი იგეგმება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დასრულდება ორდღიანი მოლაპარაკებები ჟენევაში. შტატებმა იცის, რა არის წითელი ხაზი უკრაინისთვის. არანაირი ტერიტორიული დათმობა, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა და გარანტირებული უსაფრთხოება უკრაინისთვის. ვიდრე არ ნახავთ ნუ დაიჯერებთ - ასე ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცეს.
პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს, რომ შტატებს კარგად ესმის რა არის უკრაინის მთავარი ინტერესი. ახლა ჩნდება კითხვა, თუ შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილია, მაშინ რა ჩაიწერა ტრამპის სამშვიდობო დოკუმენტში, რომელიც უკრაინის მშვიდობის გარანტი უნდა იყოს. ერთი რამ ცხადია, 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კრემლმა მიიღო, პუტინს მოსწონს, ეს მან ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
გეგმის ახალი ვერსია უკრაინისთვის გაძლიერებულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს, თუმცა ჯერ არის დარჩენილი გადაუჭრელი საკითხებიც. მათ შორის, NATO-ს როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში. გამოცემა Bild-ი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა პუნქტი, რომელიც გავლენას ახდენს ევროპასა და NATO-ზე, ამოღებულია თავდაპირველი ამერიკული პროექტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ უარი NATO-ზე-შტატების მოთხოვნების სიაში აღარ არის.