უშაკოვი Bloomberg-ის მასალაზე: საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ, ალბათ მიზანი ხელის შეშლაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, სტივ უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში ჩამოსვლას გეგმავს. მისი თქმით, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, უკრაინის საკითხებზე მომუშავე აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, ვიზიტისთვის ემზადება.
მომავალ კვირას მისი მოსკოვში ჩამოსვლის შესახებ შეთანხმებული ვართ. ის ამერიკელი ოფიციალური პირებთან ერთად ჩამოვა, რომლებიც უკრაინის თემაზე მუშაობენ, - განაცხადა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ასევე გამოეხმაურა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს, სადაც ასახულია მისი და უიტკოფის საუბარი. უშაკოვი ამ პუბლიკაციას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ჩანაწერების გავრცელება ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფუჭებას ემსახურება.
უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრის შინაარსს არ განვმარტავ. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები - ვიღაც გავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ - არა. ალბათ მიზანი ხელის შეშლაა. რთული ურთიერთობები ისედაც გვაქვს, და მსგავსი გაჟონვებიც ამ კონტაქტებზე გავლენას ახდენს, - აღნიშნა უშაკოვმა.
შეგახსენებთ, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ სტივ უიტკოფი რუსულ მხარეს რეკომენდაციებს აძლევდა, როგორ წარმოედგინათ დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო გეგმა“. გამოცემამ ასევე გაასაჯაროვა უშაკოვისა და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის, დიალოგიც, რომელიც მიუთითებს, რომ 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი კრემლის ადმინისტრაციაში იყო შედგენილი და უიტკოფს ის თითქოს საკუთარი ინიციატივის სახით უნდა წარედგინა.