ჰონკონგში მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა, 279 დაკარგულად ითვლება
ჰონკონგში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა სულ მცირე 36 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 279 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა.
ცეცხლი ტაი პოს ჩრდილოეთ რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე ცათამბჯენში გავრცელდა. Reuters-ი წერს, რომ ხანძრის გავრცელებას ხელი, სავარაუდოდ, აალებადმა ბამბუკის ხარაჩოებმა შეუწყო, რომელთა გაუქმებაც მთავრობამ მარტში დაიწყო უსაფრთხოების მიზნით.
ჰონკონგის ლიდერმა ჯონ ლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 36 დაღუპულს შორის ერთი მეხანძრეა, ხოლო 29 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. დაახლოებით 900 ადამიანი კი რვა სხვადასხვა თავშესაფარშია.
პრიორიტეტულია ხანძრის ჩაქრობა და ხაფანგში მოყოლილი მაცხოვრებლების გადარჩენა. მეორე - დაშავებულების მხარდაჭერა. მესამე - მხარდაჭერა და გამოჯანმრთელება. შემდეგ ჩვენ დავიწყებთ საფუძვლიან გამოძიებას," - განუცხადა ლიმ ჟურნალისტებს.
Wang Fuk Court-ის კომპლექსი რვა 31-სართულიანი შენობისგან შედგება, რაც დაახლოებით 2000 ბინას მოიცავს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.