„უკრაინა ზელენსკისა და ტრამპის პირად შეხვედრას ითხოვს" - მედია
უკრაინა და აშშ მშვიდობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მუდმივ დიალოგს ინარჩუნებენ, თუმცა ახალი მოლაპარაკებების ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული. კიევი პრეზიდენტების - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის - პირად შეხვედრას დაჟინებით ითხოვს.
ამის შესახებ РБК-Украина ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„სამუშაო კონტაქტები შეხვედრებს შორისაც არ წყდება… ისინი მუდმივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა წყარომ, დასძინა რა, რომ კომუნიკაცია ჟენევასა და ფლორიდას შორის უახლოეს პერიოდშიც გრძელდებოდა. მისი თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს ზელენსკისა და ტრამპის პირადი შეხვედრის აუცილებლობას, რადგან სწორედ ასეთმა კონტაქტმა შეიძლება განსაზღვროს მომდევნო ნაბიჯები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
„არსებობს საკითხები, რომლის განხილვაც უკრაინის პრეზიდენტს აუცილებელად მიაჩნია თავის ამერიკელ კოლეგასთან. იმედი გვაქვს, ეს მოსაზრება იქნება გათვალისწინებული,“ - აღნიშნა წყარომ.