„მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა" - WSJ მაიამის მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს

01.12.25 10:38
„მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა" - WSJ  მაიამის მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს

მაიამიში გამართულ აშშ–უკრაინის მოლაპარაკებებს ომის შეწყვეტაზე „პროდუქტიული“ უწოდეს, მაგრამ რიგი საკვანძო საკითხები კვლავ გადაუჭრელი დარჩა, - წერს The Wall Street Journal.

ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, განხილვის თემა იყო უკრაინაში ახალი არჩევნების შესაძლო ვადები და ტერიტორიების გაცვლის მოდელი რუსეთისა და უკრაინის შორის. დაუდგენელი რჩება უსაფრთხოების გარანტიების ფორმატი და კითხვები,  რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარების მოთხოვნას შეეხება. 

WSJ-ის ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ორშაბათს რუსეთში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უიტკოფი შესაძლოა პუტინს მომავალ კვირაში შეხვდეს.

პუტინმა ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის „სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, თუმცა კვლავ მოითხოვა უკრაინული ძალების სრულად გასვლა დონეცკისა და ლუგანსკიდან, რასაც კიევი „აბსოლუტურად მიუღებლად“ მიიჩნევს.

სტატიის მიხედვით, ტერიტორიების ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციურ ცვლილებებს მოითხოვს, ხოლო უკრაინაში ეს დამატებით საერთო ეროვნული რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრებს „პროდუქტიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მიზანია უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება.
ზელენსკიმ წარმატებად შეაფასა აშშ-ის მხრიდან „კონსტრუქციული ჩართულობა“, ხოლო ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება და ომი „სწრაფად დასრულდება“.

მსგავსი სიახლეები