Reuters: ტრამპმა ნიკოლას მადუროს ვენესუელას დასატოვებლად დრო მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინა თვეში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გადადგომის და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ვადა გასული კვირის პარასკევამდე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სატელეფონო საუბარი 21 ნოემბერს, ვენესუელაზე აშშ-ს მიერ რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ შედგა, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდაში სავარაუდოდ ჩართულ გემებზე დარტყმების, ხმელეთზე სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ ტრამპის მუქარის და Cartel de los Soles-ის, ჯგუფის, რომლის წევრიც ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მადუროა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შემდეგ.
მადურო და მისი მთავრობა ყველა სისხლის სამართლის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებდნენ, რომ აშშ რეჟიმის შეცვლას ცდილობს, რათა ვენესუელას უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობი, გააკონტროლოს.
წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მადურომ ტრამპს განუცხადა, რომ მზად იყო დაეტოვებინა ვენესუელა იმ პირობით, თუ მას და მის ოჯახის წევრებს სრული სამართლებრივი ამნისტია ექნებოდათ და აშშ-ის ყველა სანქცია მოეხსნებოდათ.
მან ასევე მოითხოვა სანქციების მოხსნა 100-ზე მეტი ვენესუელის მთავრობის წარმომადგენლისთვის, რომელთაგან ბევრს აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.
Reuters-ი წერს, რომ ტრამპმა 15 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელებულ სატელეფონო საუბარში მისი მოთხოვნების უმეტესობა უარყო, თუმცა მადუროს უთხრა, რომ მას ერთი კვირა ჰქონდა ვენესუელას დასატოვებლად ოჯახის წევრებთან ერთად მისთვის სასურველ ადგილას წასასვლელად.
წყაროების ცნობით, უსაფრთხო გასვლის ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა.