ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში უცნობი დრონები აედევნა
ირლანდიაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს ფრენის დროს რამდენიმე უცნობი დრონი მიჰყვებოდა, თუმცა ინციდენტს ვიზიტისთვის ხელი არ შეუშლია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს უთხრა.
ლიტვინის თქმით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი ქვეყანა, და მათი მონაცემებით, დრონები ნამდვილად დაფიქსირდა, მაგრამ „ვიზიტის გეგმაში ცვლილებები არ შეტანილა და ინციდენტს გავლენა არ ჰქონია“.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის თვითმფრინავთან ოთხი უცნობი დრონი დაფიქსირდა, რომლებიც იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდნენ და საჰაერო ხომალდი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა დუბლინში. მოგვიანებით, იგივე დრონები ირლანდიის საზღვაო ძალების გემთან ახლოსაც შენიშნეს - გემს, რომელიც ზელენსკის ჩამოსვლამდე ფარულად იყო გაგზავნილი ირლანდიის ზღვაში.
ინციდენტთან დაკავშირებით ირლანდიის სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.