ზელენსკი: ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ, რას გეგმავს პუტინი და რა ითქვა რუსეთში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამოცანაა სრულად გაირკვეს, რა ითქვა რუსეთში მოლაპარაკებებისას და „რა სხვა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებასა და უკრაინაზე". ამის შესახებ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
მისი თქმით, დღეს უკრაინის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
უკრაინა მზადაა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობის მიღწევა — და რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული მშვიდობა იყოს. მხოლოდ ღირსეული მშვიდობა უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას და ჩვენ სრულად გვესმის, რომ ეს მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, მაიამიში დასრულდა შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი, რომლებიც ორი დღის წინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შეხვდნენ.