Axios: ზელენსკი და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რთულად წარიმართა
ამერიკული Axios-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ტერიტორიული საკითხების გამო.
წყაროების თქმით, უიტკოფი და კუშნერი ორივე მხრიდან აგროვებენ ინფორმაციას და ცდილობენ ზელენსკისა და პუტინის შეთანხმებისკენ უბიძგონ. რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინამ გაათავისუფლოს დონბასის ის ნაწილები, რომლებიც ამჟამად მის კონტროლქვეშაა, თუმცა აშშ ახალი იდეების შემუშავებას ცდილობს.
მოლაპარაკებების მეორე მნიშვნელოვანი თემა იყო უკრაინის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები. Axios-ის წყაროები ამბობენ, რომ პროგრესი მიღწეულია, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა, რათა დოკუმენტის შინაარსზე ყველა მხარე ერთობლივად შეთანხმდეს.
უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოლგა სტეფანიშინა, ადასტურებს, რომ ყველაზე რთული საკითხები ტერიტორიული კომპრომისი და უსაფრთხოების გარანტიებია და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
მოლაპარაკებების უკრაინელი მონაწილეები - რუსტემ უმეროვი და ანდრი გნატოვი მალე ევროპაში დაბრუნდებიან და ლონდონში ზელენსკის აშშ-ის წინადადებებს წარუდგენენ. შეხვედრები მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.