ნიდერლანდებმა უცნობი დრონის დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები ასწია
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაურკვეველი ობიექტის გამოჩენის შემდეგ ამოქმედდა სწრაფი რეაგირების მექანიზმი და იდენტიფიკაციისთვის ორი F-35 ტიპის გამანადგურებელი ააფრინეს.
უწყების ინფორმაციით, ობიექტი იმ სიმაღლეზე დაფრინავდა, სადაც სავალდებულოა იდენტიფიკაცია და კომუნიკაცია საჰაერო მოძრაობის კონტროლთან. შემდგომი შემოწმებით აღმოჩნდა, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატს ეხებოდა.
დრონმა მალევე დატოვა ნიდერლანდების საჰაერო სივრცე. სამინისტროს განცხადებით, ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და საჰაერო მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.