ზელენსკი ლონდონში სტარმერს, მაკრონს და მერცს ხვდება - შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერი ბრიუსელში გაემგზავრება
ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა, ჟურნალისტებს მიაწოდა.
ვიზიტი ლონდონში სწორედ ამ სამ ევროპელ ლიდერთან მოკლე შეხვედრით დაიწყება. შეხვედრების შემდეგ ზელენსკი, სტარმერი, მაკრონი და მერცი ერთობლივ კომენტარს გააკეთებენ მედიასთან, რის შემდეგაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ევროკავშირის, სხვა ევროპული სახელმწიფოებისა და ნატო-ს ლიდერებს მიმართავენ.
დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტს ბრიუსელში ელოდებიან, სადაც ზელენსკი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.