ზელენსკის თქმით, შეხვედრა რუტესთან, კოსტასა და ფონ დერ ლაიენთან „პროდუქტიული“ იყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან „კარგი და პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე ლიდერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული დიპლომატიური ვითარებისა და უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.
„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ასევე ჩვენი მდგრადობის გასაძლიერებლად საჭირო ნაბიჯებზე. შევეხეთ PURL ინიციატივას და რეპარაციების სესხს. ყველა ამ საკითხზე ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ – კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი 8 დეკემბერს ბრიუსელში ლონდონიდან ჩავიდა.