ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნას აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა აშშ და ევროპის ქვეყნები უნდა დაეხმარონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იმ პირობებში, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.
ზელენსკის თქმით, არჩევნების თემა მას პირადად არ განუხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული:
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ განმიხილავს. მეორეც, უკრაინაში არჩევნების საკითხი ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული. ეს უკრაინელი ხალხის საკითხია და არა სხვა ქვეყნების ხალხების, ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემის გამოხატვით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, თავად არჩევნებისთვის მზადაა და არ ეთანხმება მოსაზრებებს, თითქოს ომის გაგრძელება ხელისუფლების ინტერესში იყოს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
„მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი - ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ორი მთავარი საკითხი დგას - უსაფრთხოება და კანონმდებლობა:
„პირველ რიგში, უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება დარტყმების ქვეშ, რაკეტების ქვეშ? და ჩვენი სამხედროების საკითხი - როგორ მისცემენ ხმას? … მეორე საკითხი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველია. რადგან ამ საკითხს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: შეხედეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს.