ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა - მათ შორისაა ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა - გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.
- გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
- გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, ბელარუსის რესპუბლიკის კალიუმის ინდუსტრიის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უკანონო სანქციების მოხსნასთან და ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ სხვა უკანონო სანქციების მოხსნის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შეიწყალოს სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე, რომლებიც ბელარუსის კანონმდებლობით სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ჯაშუშობისთვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის იყვნენ მსჯავრდებულნი“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორისა ხუთი უკრაინელი.
შეგახსენებთ, აშშ-მ ბელარუსული Belaruskali 2021 წელს დაასანქცირა, რის გამოც მინსკს მოუწია, კალიუმის გადაზიდვა რუსეთის გავლით დაეწყო.
ცნობისთვის, წინა მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდერ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა, აშშ-მ ბელარუსში საელჩო 2022 წლის თებერვალში დახურა.