რუსეთსა და ყირიმზე მასირებული იერიშები განხორციელდა - იწვის სამხედრო და სამერეწველო ობიექტები
რუსეთი და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დრონებისა და რაკეტების სამიზნე გახდა. გავრცელებული ცნობებით, დაფიქსირდა მოხვედრები მნიშვნელოვან სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე. ამის შესახებ ტელეგრამ-არხები იუწყებიან.
როგორც პრო-უკრაინული გამოცემა „ყირიმის ქარი“ წერს, სიმფეროპოლში, ადგილობრივი ელექტროსადგურის რაიონში, ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში მასშტაბური ხანძარია ასახული.
ამასთან, ცნობებია, რომ ოკუპირებული ნახევარკუნძულის სხვა ქალაქებში, ფეოდოსიაში, საკიში, ჯანკოიში, სევასტოპოლში, ასევე მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და ისმოდა აფეთქებები. ასევე აფეთქებები დაფიქსირდა სიმფეროპოლთან, გვარდეისკოეს ავიაბაზის მიმდებარედ. ოკუპაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პიოტრ ანდრიუშჩენკო თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დონეცკშიც.
შეტევის ქვეშ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტერიტორიებიც აღმოჩნდა. გამოცემა Supernova+ წერს, რომ მოხვედრები იყო სმოლენსკში ელექტროსადგურზე და ურიუპინსკში (ვოლგოგრადის ოლქი) ნავთობბაზაზე, რის შედეგადაც ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვა გამოცეცმებიც ადასტურებენ.