NYT: უკრაინა სამშვიდობო გეგმაში დონბასიდან ჯარების გაყვანას გამორიცხავს
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, უკრაინის მიერ აშშ-ში გაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში გამორიცხულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში გადაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა არმიამ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის. აღნიშნული საკითხი კიევის ერთ-ერთ „წითელ ხაზად“ არის დასახელებული.
20-პუნქტიანი გეგმა უკრაინის ხელისუფლებამ 10 დეკემბერს ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნა. „ნიუ იორკ თაიმსის“ შეფასებით, დოკუმენტიდან ამოღებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც უკრაინისთვის მიუღებელ დათმობებს ითვალისწინებდა, მათ შორის - დონბასის საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერები.
გარდა ამისა, უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს, რათა მომავალში რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესია აღიკვეთოს.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დღეს ბერლინში გაგრძელდება.