მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულება ამ ეტაპზე უფრო რეალისტურია, ვიდრე აქამდე.
პრეზიდენტის თქმით, მას ევროპელ ლიდერებთან ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან, ბევრ მათგანთან, რუსეთისა და უკრაინის ომის საკითხზე. გრძელი დისკუსია გვქონდა და ჩანს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ და ეს რთული სიტუაციაა“, - განაცხადა ტრამპმა პრესასთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე ჰქონდა „ხანგრძლივი საუბარი“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და კონტაქტი არაერთ ევროპელ ლიდერთან.
„ძალიან ხანგრძლივი და ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. და ვფიქრობ, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის“, - აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებით, ბოლო პერიოდში მას არაერთი საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც.
„პრეზიდენტ პუტინთან ბევრი საუბარი გვქონდა და ვფიქრობ, ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. ვნახოთ, რას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მხოლოდ გასულ თვეში ომში დაახლოებით 27 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს ამ მონაცემებს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი „არასოდეს უნდა დაწყებულიყო“ და არსებული ვითარება მას ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან, გადაეცა.
„ვცდილობთ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და ვფიქრობ, ახლა უფრო ახლოს ვართ მიზანთან. ისინი თავადაც გეტყვიან, რომ ახლა უფრო ახლოს არიან“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ არ ხარჯავს თანხებს უკრაინის დასახმარებლად.
„ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს უკრაინაზე. ჩვენ ვყიდით იარაღს ნატოს ქვეყნებზე“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მთავარი მიზანი ადამიანური დანაკარგების შემცირებაა.
„ჩვენ გვინდა, ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მსგავსი რამ, რეალურად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა პერიოდულად აცხადებს ომის დასრულების სურვილს, თუმცა პოზიციები იცვლება.
„რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს, შემდეგ კი უცებ - აღარ სურს. უკრაინასაც სურს, რომ ეს დასრულდეს, შემდეგ კი უცებ - აღარ სურს. ამიტომ საჭიროა, რომ ისინი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. მაგრამ ვფიქრობ, ეს პროცესი წინ მიიწევს. ძალიან კარგი საუბარი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა ევროპასთან ერთად მიმდინარეობს.
„მათ უკვე დაკარგეს ტერიტორიები. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ამაზე ევროპასთან ერთად ვმუშაობთ. ევროპა ამ პროცესის დიდი ნაწილი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, რათა ომი კვლავ არ დაიწყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი კვლავ დაიწყოს“, - განაცხადა ტრამპმა.