ოფიციალური ერევანი ბრიუსელს დახმარებას სთხოვს
სომხეთმა, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა და უცხოური ჩარევების, ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ დახმარება სთხოვა.
ოფიციალური ერევნის განცხადებით, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს გავლენა მოახდინოს სომხეთის მოქალაქეთა არჩევანზე, მათ შორის დეზინფორმაციის, ჰიბრიდული ზეწოლისა და კიბერჩარევების გზით.
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ევროკავშირმა მოლდოვას შემთხვევაში გაუწია - მათ შორის არჩევნების უსაფრთხოების, ინფორმაციული სივრცის დაცვისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ერევანში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის დროული ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების დასაცავად და არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ ბრიუსელში, ევროსაბჭოში შეხვედრა გაიმართა. კაია კალასმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს უმასპინძლა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გამოგვაწოდა ინფორმაცია სამშიდობო პროცესსა და მდგომარეობაზემ, რომელსაც ამჟამად ისინი აწყდებიან. ისინი აწყდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებს და დეზინფორმაციას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთი იგივე სახელმძღვანელოდან მოქმედებს, რასაც მოლდოვაში იყენებდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ გავაძლიეროთ სომხეთის მდგრადობა, მათ შორის, როგორ დავეხმაროთ მთავრობას კიბერ და ჰიბრიდული უსაფრთხოების კუთხით. თქვენ იცით, რომ სომხეთს მომავალ წელს არჩევნები აქვს, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. სომხებმა მოგვმართეს და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივე მახრდაჭერა ითხოვეს, რაც ჩვენ მოლდოვას გავუწიეთ, - განაცხადა კალასმა შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის სფეროში ყველა ძირითადი მიღწევა. ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები და ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. ძირითადად, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სომხხეთის მოქალაქეებისთვის და სომხეთის ევროკავშირთა დაახლოების კუთხით, - განაცხადა მირზოიანმა.