ტრამპმა რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლაზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა

17.12.25 10:42
ტრამპმა რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლაზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ პროკლამაციას მოაწერა ხელი, რომელიც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის შეზღუდვებს აფართოებს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი წესების მიხედვით, აშშ-ში შესვლაზე სრული შეზღუდვები ვრცელდება ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანისა და სირიის მოქალაქეებზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეყნები დაემატა უკვე არსებულ სიას. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ეს ზომები მიიღება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სრული შეზღუდვები შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც ფლობენ პალესტინის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს. გამოქვეყნებულ პროკლამაციაში ხაზგასმულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვიზების გაცემისა და იმიგრაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა ქვეყანაში არ დაუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ამერიკელთა უსაფრთხოებისთვის ან აშშ-ის ეროვნულ ინტერესებისთვის.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრებას და საზღვარზე შემოწმებების გაძლიერებას.