პუტინი: თუ კიევი დიალოგზე უარს იტყვის, რუსეთი "საკუთარ ტერიტორიებს" ძალის გამოყენებით "გაათავისუფლებს"
ვლადიმირ პუტინი აანონსებს, რომ 2022 წელს დასახული, სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთისთვის პრიორიტეტული იქნებოდა კონფლიქტის „პირველმიზეზების“ აღმოფხვრა დიპლომატიური გზით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "მოწინააღმდეგე მხარე" - უკრაინა და მისი უცხოელი მხარდამჭერები „არსებით დიალოგზე უარს იტყვიან“, რუსეთი „თავისი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით“ მიაღწევს.
ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ვითარების პირობებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მომავლის, ასევე სტრატეგიული პარიტეტის მთავარი გარანტი შეიარაღებული ძალებია. მისი თქმით, აუცილებელია მათი გაძლიერების მიმართულებით სისტემური და თანმიმდევრული მუშაობა.