პუტინი ამტკიცებს, რომ კიევი მშვიდობაზე უარს ამბობს და ფრონტზე ინიციატივა რუსეთის ხელშია

19.12.25 14:37
პუტინი ამტკიცებს, რომ კიევი მშვიდობაზე უარს ამბობს და ფრონტზე ინიციატივა რუსეთის ხელშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ კიევი, ფაქტობრივად, უარს ამბობს ომის მშვიდობიანად დასრულებაზე. აღნიშნული განცხადება მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც უკრაინის პოზიცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკა.

პუტინის თქმით, უკრაინული მხარე საჯაროდ აცხადებს მზადყოფნას დიალოგისთვის, თუმცა რეალური ნაბიჯები ამის საპირისპიროს აჩვენებს.

„ახლა კი, არსებითად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი იღებს გარკვეულ სიგნალებს, მათ შორის უშუალოდ კიევიდან, დიალოგის შესაძლებლობის შესახებ.

„ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და ვიცით გარკვეული სიგნალების შესახებ, მათ შორის კიევის რეჟიმიდან, რომ ისინი მზად არიან რაიმე სახის დიალოგში ჩაერთონ“, - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტი კვლავ უსვამს ხაზს, რომ მოსკოვი მზად არის კონფლიქტის დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ იმ პირობებით, რასაც თავად „კრიზისის ძირეულ მიზეზებს“ უწოდებს.

„მზად ვართ და გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულოთ იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გასული წლის ივნისში გამოვთქვი და იმ ძირეული მიზეზების მოგვარებით, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნა პუტინმა.

ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ წინ მიიწევენ, ხოლო უკრაინული მხარე უკან იხევს.

„ჩვენი ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ მიიწევენ წინ… მტერი ყველა მიმართულებით უკან იხევს“, - თქვა მან.

მისივე განცხადებით, კურსკის მიმართულებაზე უკრაინული ძალების განდევნის შემდეგ, სტრატეგიული ინიციატივა სრულად რუსეთის არმიის ხელში გადავიდა.

„ინიციატივა, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში გადავიდა“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტმა ასევე ირონიული კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, კუპიანსკში მისი ვიზიტის დროს გადაღებულ ვიდეოზე საუბრისას.

„ის მსახიობია და თანაც ნიჭიერი… ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ ვიდეო ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით იყო გადაღებული.
რატომ დგახართ ზღურბლზე? შინ შემოდით“, - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები