„რაც მოიპარეს, ანაზღაურება მოუწევთ“ - პუტინი ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე
უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის ინიციატივას კრემლში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება რეალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბიუჯეტო ტვირთს გაზრდის იმ ფონზე, როცა ბევრ მათგანს უკვე ფინანსური პრობლემები აქვს.
„ერთ-ერთი იდეაა ჩვენი აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ამას ყველა ქვეყნის ბიუჯეტისთვის შედეგები მოაქვს. ის ზრდის ყველა ქვეყნის საბიუჯეტო ვალს“, - განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების გამოყენება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სისტემურ ფინანსურ რისკებს შეიცავს. პუტინის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები შეიძლება დარტყმად იქცეს თანამედროვე გლობალური ფინანსური წესრიგის საფუძვლებისთვის.
„იმიჯის დაკარგვის გარდა, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგებიც იყოს და რაც მთავარია, რაც არ უნდა მოიპარონ და როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამ პროცესს უპასუხოდ არ დატოვებს და საკუთარი ინტერესების დაცვას სამართლებრივი მექანიზმებით ეცდება.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. სად პირველ რიგში? სასამართლოში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“, - თქვა მან.