სტამბოლთან ახლოს Orlan-10 ტიპის დრონი ჩამოვარდა
სტამბოლთან ახლოს, კოჯაელის პროვინციაში, სავარაუდოდ რუსული წარმოების, Orlan-10 ტიპის დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობების თანახმად, ადგილობრივებმა უმოძრაო საფრენი აპარატი ხმელეთზე, ჩუბუკლუბალას სოფლის უბანში შენიშნეს და ხელისუფლებას აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, რუსული წარმოშობის Orlan-10 დრონთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
- ეს ინციდენტი თურქეთში ამ კვირაში დრონებთან დაკავშირებული მეორე შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს თურქულმა F-16-ებმა ჯანკირის მახლობლად უცნობი დრონი ჩამოაგდეს.
თურქული მედიის ცნობით, Orlan-10 არის საშუალო რადიუსის, მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შემუშავებულია რუსული ფირმა Special Technology Center LLC-ის მიერ სანქტ-პეტერბურგში. უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში 2010 წლიდანაა.
უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია სხვადასხვა მისიისთვის, მათ შორის საჰაერო დაზვერვისთვის, დაკვირვებისთვის, მონიტორინგისთვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოებისთვის, საბრძოლო მომზადებისთვის, ელექტრონული ჩახშობისთვის, რადიოსიგნალების აღმოჩენისთვის და სამიზნის თვალყურის დევნებისთვის.