მედია: ისრაელი ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტებს წარუდგენს

21.12.25 09:42
მედია: ისრაელი ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტებს წარუდგენს

ისრაელი ემზადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების შესაძლო სცენარები წარუდგინოს. ამის შესახებ NBC News ინფორმირებულ წყაროსა და ოთხ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ისრაელისთვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტების აღდგენა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთება, რომლებიც წელს ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანდა. ამასთან, თეირანი აღადგენს ურანის გამდიდრების ბირთვულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ივნისში აშშ-ის ავიაიერიშების დროს დაზიანდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თვეში, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში დაგეგმილია შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ირანის ბალისტიკური პროგრამის გაფართოება სწრაფ რეაგირებას საჭიროებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონს და აშშ-ის ინტერესებსაც.

წყაროების თქმით, ისრაელის პრემიერი ტრამპს ირანის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის ან უშუალო ჩართულობის ვარიანტებსაც წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები