წითელი პომადა სოლიდარობის ნიშნად - ბელარუსში კოლესნიკოვას მხარდასაჭერ ფლეშმობს ასობით ადამიანი შეუერთდა
ბელარუსში სოლიდარობის ახალი სიმბოლო გაჩნდა - წითელი პომადა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც მამაკაცები კაშკაშა წითელი პომადით პოზირებენ, ყოფილი პოლიტპატიმრის, მარია კოლესნიკოვას მხარდასაჭერად.
ფლეშმობს ასობით ქალი და კაცი შეუერთდა, რასაც ბელარუსის ხელისუფლება პროვოკაციასა და „სამარცხვინო ქმედებას“ უწოდებს. კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 13 დეკემბერს ბელარუსის რეჟიმმა 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე, წამებასთან გათანაბრებულ პირობებში იმყოფებოდნენ.
გათავისუფლებულებს შორის იყო კოლესნიკოვაც, რომელიც საჯაროდ მალევე გამოჩნდა თავისი ცნობილი წითელი პომადით - იმავე სიმბოლოთი, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტების დროსაც იყენებდა.
როგორც მედია წერს, თავად მარია კოლესნიკოვა ფლეშმობს სოციალურ ქსელებში აფასებს და ამბობს, რომ არ იცოდა ამ სიმბოლოს შესახებ ამ კამპანიის დაწყებისას, მაგრამ მიაჩნია, რომ „წითელი პომადა - ეს მხარდაჭერის კლასიკური ნიშნია".